Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში

„ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, კოლეგებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის ახალ შესაძლებლობებს, მოტივაციასა და მოლოდინებს უკავშირდება. სწორედ ამ გზაზე იწყება წარმატება და გამოწვევები, რომლებიც ცვლის მომავალს და ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიას ახალ ფურცლებს ამატებს. გისურვებთ, რომ თქვენი შრომა და მოტივაცია წარმატებად იქცეს, სწავლა და სწავლება საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდეს, ხოლო ერთიანობითა და თანადგომით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი უნივერსიტეტი,“- ასე მიულოცა ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. წელს უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 26 ათასზე მეტი სტუდენტი ისწავლის.

 

თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, ფაკულტეტების დეკანები და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხულ 6115 პირველსემესტრელ სტუდენტს შეხვდნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. შეხვედრაზე სტუდენტებს  საუნივერსიტეტო პროექტებსა და სერვისებზე დეტალური ინფორმაცია გააცნეს და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალქულიან პირველსემესტრელ სტუდენტებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

ტრადიციულად, წელსაც თსუ-ში ყველაზე წარმატებული ახალგაზრდები ჩაირიცხნენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ყველაზე მეტი გრანტოსანი პირველსემესტრელი თსუ-ში ისწავლის. ასევე, ყველაზე მეტი 100%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტი თსუ-ში ჩაირიცხა - ქვეყნის მასშტაბით 100%-იანი გრანტის მქონე ყოველი მესამე აბიტურიენტი თსუ-ელია.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, მათ შორის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამები. ფაკულტეტებსა და 16 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 85-მდე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიაა.

თარიღი: 23/09/2025